შენგელიამ კონკურენტებს სათადარიგოთა სკამიდან უყურა

შენგელიამ კონკურენტებს სათადარიგოთა სკამიდან უყურა

„ბრუკლინ ნეთსმა“ უკვე 2 საგამოფენო მატჩი გამართა, თუმცა თორნიკე შენგელია მოედანზე არ გამოჩენილა. 21 წლის ქართველი ორივე მატჩის განაცხადში იყო, თუმცა მწვრთნელს მისთვის შანსი არ მიუცია. ბრუკლინელები, როგორც ჩანს, სერიოზულად უდგებიან საკონტროლო მატჩებს და მათში გამარჯვება სწადიათ, რადგან ძირითადად სასტარტო მოთამაშეებს ეყრდნობიან.
 
ბრუკლინელებმა ორივე მატჩში გამარჯვებას მიაღწიეს. პირველად ფილადელფიაში დამატებით დროში იმარჯვეს (108:105), შემდეგ კი შინ „ვაშინგტონს“ 98:88 სძლიეს. საინტერესოა, რა ქნეს ამ მატჩებში თორნიკე შენგელიას ბრუკლინელმა კონკურენტებმა. ძირითადში ორივეჯერ გერალდ უოლესმა ითამაშა, რომელიც პირველი მატჩის (18 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება) საუკეთესო მოთამაშე გახდა, ხოლო „ვაშინგტონთან“ 7 ქულას და 6 მოხსნას დასჯერდა.
 
ორივე მატჩში შეცვლაზე შევიდა შენგელიას კიდევ ერთი კონკურენტი მირზა ტელეტოვიჩი, რომელმაც თავისი სნაიპერული (მისი კოზირი მხოლოდ კარგი სროლაა) თვისებები ვერ გამოავლინა. „ფილადელფიასთან“ ბოსნიელმა 13-დან 2 სროლა ჩააგდო და 6 ქულას დასჯერდა, ხოლო „ვაშინგტონთან“ ტელეტოვიჩმა 14 წუთში 3 ქულა მოაგროვა. მთლიანობაში ამ 2 შეხვედრაში ტელეტოვიჩმა 15-დან 3 სამქულიანი ჩააგდო.
 
მომდევნო საგამოფენო მატჩს „ბრუკლინ ნეთსი“ ხვალ, გამთენიისას, შინ „ბოსტონის“ წინააღმდეგ გამართავს.