შენგელიამ ფიბა-ევროპას მოედნიდან გამოეხმაურა

შენგელიამ ფიბა-ევროპას მოედნიდან გამოეხმაურა

თორნიკე შენგელია ფიბა–ევროპის აღიარებას მოედნიდან გამოეხმაურა. მას შემდეგ, რაც 20 წლის ქართველი ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელის გამოკითხვაში ჩართეს, პირველივე მატჩში შენგელიამ ბრწყინვალედ ითამაშა. მან ევროლიგაში პირადი რეკორდი დაამყარა.
 

 
ევროპის უძლიერეს საკლუბო ლიგაში აქამდე შენგელიას საუკეთესო შედეგი 16 ქულა იყო, რომელიც ამა წლის ნოემბერში მან ბელგრადში „პარტიზანის“ წინააღმდეგ შეასრულა. წუხელ ქართველი კალათბურთელის „შარლერუა“ მეორე წრეში კვლავ შეხვდა „პარტიზანს“ და შენგელიამ ამ შეხვედრაში 17 ქულა დააგროვა.
 
თორნიკემ მოედანზე  პირადსარეკორდოდ ბევრი – 29:16 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 8–დან 5 ორქულიანი, 5–დან 4 საჯარიმო და 4–დან 1 სამქულიანი ჩააგდო. 17 ქულასთან ერთად შენგელიამ 2 მოხსნა და 1 ჩაჭრაც მოაგროვა. რომ არა 5 პერსონალურის გამო მოედნის დატოვება, სავარაუდოდ, შენგელია უფრო შედეგიანი იქნებოდა.
 
რაც მთავარია, „შარლერუამ“ გაიმარჯვა და ქართველ კალათბურთელს გარჯა დაუფასდა. დაძაბული შეხვედრის ბოლო მეოთხედში მასპინძლებმა იძალეს და „შარლერუამ“ საბოლოოდ 84:79 მოიგო.
 
მიუხედავად გამარჯვებისა, „შარლერუას“ ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგული აქვს. მომდევნო, ბოლოსწინა ტურში, შარლერუელები „არმანის“ 14 დეკემბერს იტალიაში შეხვდებიან.
 
C ჯგუფი
რეალი                       6          2          703      624      79        14
ეფესი                        5          3          598      580      18        13
მაკაბი                        5          3          608      606      2         13
პარტიზანი                4         4           590      601     -11       12
არმანი                       2         6           578      615     -37       10
შარლერუა                 2         6          607      658      -51       10