შენგელიამ ტრევიზოდან ნბა-ს მესიჯი გაუგზავნა: “მოვდივარ”

შენგელიამ ტრევიზოდან ნბა-ს მესიჯი გაუგზავნა: “მოვდივარ”

ნბა-ს მიერ ორგანიზებული ტრევიზოს კემპი დასრულდა. მასში მონაწილე კალათბურთელთაგან ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც კემპის მეორე და მესამე დღეს საუცხოოდ ითამაშა.
ქართველი კალათბურთელი ”გუნდი 4”-ის ღირსებას იცავდა და მინი-ტურნირის მე-2 დღეს მე-3 გუნდის წინააღმდეგ მოგებულ (48:44) მატჩში 20 წუთს გაისარჯა. თორნიკე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 20 წუთი დაჰყო, რა დროშიც 4 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 4 საჯარიმო ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი სამჯერ დაჯარიმდნენ.
შენგელიამ 11 ივნისის „ყველა ვარსკვლავის“ მატჩში მიიღო მონაწილეობა. დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, დღის განმავლობაში თავგამოჩენილი კალათბურთელები საღამოს საჩვენებელ მატჩში იღებენ მონაწილეობას. სწორედ ამ შეხვედრაში წარმოაჩინა შენგელიამ თავისი შესაძლებლობები. „ყველა ვარსკვლავთა“ გუნდი ავსტრალიის სპორტული ინსტიტუტის გუნდს დაუპირისპირდა და 75:46 მოუგო, ქართველი ფორვარდი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
შენგელია ისევ სასტარტო ხუთეულში იყო და 22 წუთში 20 ქულა, 9 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე), 3 ჩაჭრა, 1 პასი და 1 პასი დააგროვა. თორნიკეს ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა, თუმც ამის გარეშეც იგი საუკეთესო იყო.
შენგელიამ 17-დან 10 ორქულიანი გამოიყენა, სამქულიანი და საჯარიმო კი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ორჯერ დაირღვა. შენგელიას შედეგიანობის კოეფიციენტმა 24 შეადგინა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ქართველის შემდეგ საუკეთესო მარგი ქმედების მქონე კალათბუირთელს მხოლოდ 14 ჰქონდა.
ტურნირის ბოლო დღეს შენგელიამ კვლავ 2 მატჩი ითამაშა. ჩვეულებრივ, გრაფიკით გათვალისწინებული და დღის ბოლოს, „ოლ სტარის“ მატჩი. ორივე სეხვედრაში მან ბრწყინვალედ ითამაშა და კემპზე შეკრებილ აურაცხელ ნბა-ს სკაუტებს საკუთარი ძალა დაანახა.
მისმა გუნდმა “გუნდი 2” 66:27 გაანადგურა. თორნიკე ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, თუმცა, თავისი საქმე კვლავ ჩინებულად გააკეთა. შენგელიამ 20 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და ერთბაშად 5 პასი მიითვალა. მან 5-დან 4 ორქულიანი, სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი ორჯერ დაკარგა და მის წინააღმდეგ ორჯერ დაჯარიმდნენ, თავად კი თამაშის წესები ერთხელაც არ დაურღვევია. ქართველი კალათბურთელი ამ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. მის მიერ მოგროვებული საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტი (20) კვლავ საუკეთესო აღმოჩნდა.
ისევ „ოლ სტარი“ და ქართველი კალათბურთელის ისევ შედეგიანი თამაში. „ყველა ვარსკვლავის“ გუნდმა ამჯერად საქრანგეთის ახალგაზრდული ნაკრები დაამარცხა (66:60). აღსანიშნავია, რომ იმ გუნდმა, რომელშიც შენგელიამ კემპის ფარგლებში ითამაშა, ერთხელაც არ დამარცხებულა. ტრევიზოში შენგელიამ ხუთივე მატჩი მოიგო.
შენგელია ტურნირის ბოლო მატჩში სასტარტო ხუთეულს დაუბრუნდა და საფრანგეთის ნაკრებთან 23 წუთში 16 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა. თორნიკემ 13-დან 8 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი და ამდენივე საჯარიმო ააცილა, ბურთი ორჯერ დაკარგა, სამჯერ დაჯარიმდა, მასზე კი თამაშის წესები ოთხჯერ დაირღვა. მარგი ქმედების კოეფიციენტის საუკეთესო შედეგი (20) ჩეხ დავიდ იელინეკს ჰქონდა, ხოლო შენგელია 12-ით მეორე იყო.
აღსანიშნავია, რომ ტრევიზოს კემპზე გამართულ 5 მატჩში სენგელია სასუალოდ 12,2 ქულას აგროვებდა. შენგელიას 28 ივნისამდე, ანუ ნბა-ს დრაფტამდე დრო კიდევ აქვს. სავარაუდოდ, იგი ამერიკაში ნაადრევად ჩავა და უშუალოდ იმ გუნდებთან ივარჯისებს, რომლებიც მისით არიან დაინტერესებულნი. აქვე გეტყვით, რომ ავტორიტეტული ამერიკული ვებ-გვერდები შენგელიას მეორე რაუნდში არჩევას უწინასწარმეტყველებენ.