ცსკა-სთან მარცხიან მატჩში შენგელიამ 9 ქულა მოაგროვა

ცსკა-სთან მარცხიან მატჩში შენგელიამ 9 ქულა მოაგროვა

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” მოსკოვში მოპოვებული მოედნის უპირატესობა ვიტორიაში დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველივეში დაკარგა. ევროლიგის მეოთხედფინალური სერიის მე-3 მატჩი ვასკონიელები შინ რუსულ ცსკა-სთან 77:84 დამარცხდნენ და საერთო ანგარიშით – 1:2 ჩამორჩნენ.

ესპანურმა კლუბმა სერიის საწყისი 2 შეხვედრა მოსკოვში გამართა და ერთ-ერთ ეხვედრაში იმარჯვა, რითაც მოედნის უპირატესობა მოიპოვა. სამწუხაროდ, ქართველი ფორვარდის გუნდმა ვერ შეძლო მომდევნო შეხვედრის მოგება და რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ცსკა-ს სერიის მოგებამდე 1 გამარჯვება აკლია. შემდეგი მატჩი ისევ ვიტორიაში, 26 აპრილს გაიმართება.

ქართველმა კალათბურთელმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 18:34 წუთში 9 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. შენგელიამ 5-დან 3 ორქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

“ბასკონიას” რიგებში საუკეთესო ფრანგი ცენტრი ვინსენ პუარეს იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი (19 ქულა, 15 მოხსნა) შეასრულა, რუსულ გრანდს კი ასევე ფრანგმა ნანდო დე კოლომ ულიდერა 28 ქულით.