შენგელიამ ჟალგირისთან მატჩში მე-400 საევროლიგო პასი მიითვალა

შენგელიამ ჟალგირისთან მატჩში მე-400 საევროლიგო პასი მიითვალა

ევროლიგის მე-17 ტურში სტუმრად „ბარსელონას“ დამარცხების შემდეგ თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ ლიეტუვის „ჟალგირისს“ უმასპინძლა. ეს გუნდი ბოლონიელების უშუალო კონკურენტია პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლაში. თუმცა ლიეტუველებმა გამართული კალათბურთი ითამაშეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს – 87:77.

თორნიკე შენგელიამ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და 23 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მოაგროვა. მატჩის ბომბარდირი ბოლონიელი მილოშ ტეოდოშიჩი გახდა. მის ანგარიშზე 21 ქულაა. შენგელიასთვის ეს მატჩი იმით იყო გამორჩეული, რომ მან ევროლიგის მატჩებში მოგროვებული პასები 400-ამდე შეავსო.

„ვირტუსს“ 18 ტურის შემდეგ 8 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა. თავის მხრივ, „ჟალგირისი“ 10 მოგებით მეშვიდე პოზიციაზეა. პლეი ოფში საუკეთესო რვაეული გადის.