შენგელიას 10 ქულა, 6 მოხსნა და ვირტუსის გამარჯვება ვერონასთან

შენგელიას 10 ქულა, 6 მოხსნა და ვირტუსის გამარჯვება ვერონასთან

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ იტალიის სერია “ა”-ში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. მე-17 ტურში ბოლონიელებმა “ვერონას” უმასპინძლეს და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე გამოჩენილი სიზუსტის წყალობით 87:82 დაამარცხეს. 

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 20 წუთი ითამაშა, ამ დროში კი 10 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 8 იყო. თორნიკემ 6-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი და 1 საჯარიმო ააცილა.

ვირტუსს 13 მოგება და 4 წაგება აქვს, რითაც პირველ-მეორე ადგილს ოლიმპია მილანოსთან ერთად იყოფს. მომდევნო ტურში ბოლონიელები 5 თებერვალს, ბრეშას უმასპინძლებენ.

დღესვე ითამაშა ბექა ბურჯანაძის რეჯანამ, რომელიც სტუმრად ბრინდიზისთან 74:81 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა 16 წუთში 6 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბექამ 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა.

რეჯანა 5 მოგებით და 12 მარცხით ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 5 თებერვალს, პეზაროს სტუმრად დაუპირისპირდება.