შენგელიას 12 ქულით ბასკონიამ ბარსელონაში იმარჯვა და პლეი ოფს მიუახლოვდა

შენგელიას 12 ქულით ბასკონიამ ბარსელონაში იმარჯვა და პლეი ოფს მიუახლოვდა

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ევროლიგის 28-ე ტურში კატალონიაში “ბარსელონა” 86:73 დაამარცხა და 1 ფეხით პლეი ოფში შეაბიჯა. ბასკონიელებმა მე-8 ადგილი გაიმყარეს და ახლა 2 ქულით უსწრებენ მდევარ “მაკაბის”. შენგელიას გუნდი პლეი ოფში რომ ვერ გავიდეს, დარჩენილი ორივე მატჩი უნდა წააგოს, ხოლო ებრაულმა კლუბმა – ორივე მოიგოს. ასეთი რამ შესაძლებელია, მაგრამ – არარეალური.

რაც ქართველი გულშემატკივრისთვის ორმაგად სასიხარულოა, “ბარსელონას” ძლევაში სოლიდური წილი დაიდო შენგელიამ. ქართველი ფორვარდი სათადარიგო გახლდათ და მოედანზე 21:06 წუთი გამოჩნდა, რა დროშიც 12 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა.

თორნიკემ 7-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა. შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა, მის გარდა კი, თავის გამოჩენა გერმანელმა იოჰანეს ვოიგტმანმა (17 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი), ფრანგებმა ვინსენ პუარემა (15 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი) და როდრიგ ბობუამ (11 ქულა) და ლატვიელმა იანის ტიმამ (10 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 4 ჩაჭრა) მოახერხეს.

მომდევნო ტურში, 29 მარტს, “ბასკონია” სწორედ “მაკაბის” უმასპინძლებს და მოგების შემთხვევაში პლეი ოფის საგზურს ხომ გაინაღდებს და შესაძლოა მე-8 ადგილს აღარ დასჯერდეს. ამ ეტაპისთვის ბასკონიელთა წინ მყოფი “ხიმკი” და “ჟალგირისი” შენგელიას გუნდს მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ და სავარაუდოდ ერთ-ერთ მათგანს აუცილებლად გადაუსწრებს. ეს ბასკონიელებს საიმისოდ უნდათ, რომ პლეი ოფის პირველ წრეში აიცილონ ტურნირის მთავარი ფავორიტი მოსკოვის ცსკა, რომელიც ცხრილის ლიდერია და რეგულარულსაც პირველ ადგილზე ჩაამთავრებს. 

ამავე ტურში ოფიციალურად გაირკვა, რომ გიორგი შერმადინის “უნიკახა” პლეი ოფში ვეღარ გავა. მალაგელებმა გერმანიაში “ბამბერგთან” 88:93 წააგეს და საუკეთესო რვეულში მოხვედრის შანსი დაკარგეს. ქართელ ცენტრს ტრავმა აწუხებს და ის მინიმუმ კიდევ 3 კვირის მანძილზე ვერ გავა მოედანზე.