შენგელიას 14 ქულა და იოლი გამარჯვება “მურსიასთან”

შენგელიას 14 ქულა და იოლი გამარჯვება “მურსიასთან”

 ევროლიგაში ზედიზედ 2 წაგების შემდეგ თორნიკე შენგელიას “ბასკონია’ შიდაასპარეზზე მეტოქეებს არ ინდობს. ბასკურმა კლუბმა მე-5 ტურის მატჩში “მურსიას” უმასპინძლა და 93:49 გაანადგურა, რაშიც ქართველ ლეგიონერს სოლიდური წვლილი მიუძღვის. 

შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მხოლოდ 15:15 წუთი გაატარა, რაც თამაშის მიმდინარეობით იყო გამოწვეული. უკვე შესვენებისთვის “ბასკონია” 28 ქულით იგებდა, ამდენად, მასპინძელთა თავკაც პედრო მარტინესს თოკო აღარ დაუტვირთავს, არადა, ჩვენებური ჩინებულ მაჩვენებლებზე გადიოდა.

შენგელიამ 6-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო და 14 ქულას 1 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა ბურთი ერთხელ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთბაშად 7-ჯერ დაირღვა.შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ ფრანგ ვინსენ პუარეს (26) ჩამორჩა, რომელმაც 17 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

“ბასკონიას” 5 შეხვედრიდან 4 მოგება მოუგროვდა და გიორგი შერმადინის “უნიკახასთან” ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს. შენგელის გუნდს მომდევნო შეხვედრა 28 ოქტომბერს, სტუმრად, “ესტუდიანესთან”  ელის.