თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე დებიუტი “ვირტუს ბოლონიაში”. იტალიური კლუბის ქართველმა ახალწვეულმა ულებ-ის ევროთასის მატჩში ითამაშა და მართალია, მისი გუნდი შინ ლიუბლიანის “ოლიმპიასთან” დამარცხდა, შენგელია თავისიანთაგან საუკეთესო იყო.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის მძიმე ფორვარდმა მოსკოვის ცსკა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დატოვა და ვირტუს ბოლონიას სეზონის ბოლომდე შეუერთდა. თორნიკე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან, საკმაოდ კარგად ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 21:22 წუთში თავის გუნდში ყველაზე მეტი, 14 ქულა ჩააგდო – 9-იდან 4 ორქულიანი და 3-იდან 2 სამქულიანი, საჯარიმოდან კი ერთხელ არაზუსტად ისროლა. შენგელიამ ასევე 7 მოხსნა და 3 პასიც მითვალა. მის ანგარიშზე ასევე 2 დაფარება, 1 დაკარგვა და 2 პერსონალურია. ქართველ კალათბურთელის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 18 შეადგინა, რაც ვირტუსში საუკეთესო შედეგი გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ სლოვენიური გუნდის შემადგენლობაში ითამაშა საქართველოს ნაკრების ყოფილმა გამთამაშებელმა ჯეიკობ პულენმა, რომელმაც მოედანზე გატარებულ 19:08 წუთში 20 ქულა მიითვალა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია.
ვირტუს ბოლონიას ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებულ 15 მატჩში 8 მოგება აქვს და B ჯგუფში მე-5 ადგილზეა. ცედევიტა ოლიმპია ამდენივე მოგებით, მაგრამ უკეთესი დამატებითი მაჩვენებლით მეოთხეა. ევროთასის მომდევნო ტურში, 23 მარტს, შენგელიას გუნდი ბერძნულ პრომიტეასს ესტუმრება, პულენის გუნდი კი ვენეციას მიიღებს.