შენგელიას 15 ქულა და დასანანი მარცხი “ფენერბაჰჩესთან”

შენგელიას 15 ქულა და დასანანი მარცხი “ფენერბაჰჩესთან”

თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის “ბასკონიამ” ევროლიგაში მორიგი მარცხი იწვნია. ესპანურმა კლუბმა მოქმედ ჩემპიონს, სტამბოლის “ფენერბაჰჩეს” უმასპინძლა და დასანანი მარცხი განიცადა. შეხვედრის ბედი ბოლო წუთზე გადაწყდა და მასში აქტიური მონაწილეობა ზემოთხსენებულმა საქართველოს ნაკრების წევრებმა მიიღეს.

შენგელიას ორქულიანით “ბასკონია” მატჩის დასრულებამდე 1:40 წუთით ადრე 70:69 დაწინაურდა და ზუსტად ამ ანგარიშზე ჯენინგს სამქულიანით მატჩისთვის წერტილის დასმა შეძლო, მაგრამ ბოლო წუთზე მას სროლა გაუცუდდა და სტამბოლელებმა საჯარიმოებით ჯერ ლიდერობა დაიბრუნეს, შემდეგ კი, იმავ ჯენინგის არასპორტული ჯარიმის შემდეგ, 4 ქულით დაწინაურდნენ. საბოლოოდ 74:72 “ფენერბაჰჩის სასარგებლოდ.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 25:58 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. შენგელიამ 5-დან 4 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, თოკოს სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ თანაგუნდელ ილიმანე დიოპს ჩამორჩა, რომელმაც 17 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა უკანახაზელმა მეტ ჯენინგმა ბასკონიელებს 24:08 წუთში 7 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი შესძინა. აღსანიშნავია, რომ მან 4-ვე საჯარიმო გამოიყენა, თუმცა, 11-დან მხოლოდ 1 სამქულიანი ჩააგდო.

“ბასკონიას” ექვს მატჩში მხოლოდ 2 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 15 ნოემბერს, მონტენეგროში, აუტსაიდერ “ბუდუჩნოსტის” წინააღმდეგ გამართავს.