შენგელიას 16 ქულა და განაღდებული მეორე ადგილი რეგულარულში

შენგელიას 16 ქულა და განაღდებული მეორე ადგილი რეგულარულში

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის უმაღლეს ლიგაში რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის მატჩი მოიგო და მეორე ადგილი გაინაღდა. ბოლო ტურში ბასკონიელები რომც დამარცხდნენ და მდევარმა “ბარსელონამ” მოიგოს, შენგელიას გუნდი ურთიერთშეხვედრების ხარჯზე კატალონიელებს უკან მოიტოვებს. 

მეორე ადგილი ბასკონიელებს საიმისოდ სჭირდებათ, რომ პლეი ოფის მეორე წრეში (თუ პირველს გადალახავს), მესამეადგილოსანთან მოედნის უპირატესობა ჰქონდეს. ერთი სიტყვით, “ბასკონიამ” “ბარსელონასთან”პოტენციურ ნახევარფინალურ სერიაში მოედნის უპირატესობა მოიპოვა.

ბასკურმა კლუბმა ვიტორიაში სან პაბლოს “ბურგოსს” უმასპინძლა და 20 ქულით – 102:82 სძლია. შენგელია სათადარიგო იყო და 20:50 წუთში 16 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 9-დან 5 ორქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

“ბასკონიას” რეგულარული სეზონის დასკვნითი შეხვედრა 24 მაისს ელის, როდესაც “ობრადოიროს” ესტუმრება.

19 მოგებითა და 14 მარცხით მე-6 ადგილი შეინარჩუნა შერმადინის “უნიკახამ”, რომელმაც გიორგის ყოფილ და ბექა ბურჯანაძის ამჟამინდელ “მორაბანკ ანდორას” 87:86 სძლია.
მოგეხსენებათ, ბურჯანაძე დიდი ხანია ტრავმირებულია და განაცხადში არც ამჯერად ყოფილა, შერმადინმა კი მოედანზე 08:39 წუთი გაატარა და აქტივში 1 პასი ჰქონდა, პასივში კი – დაკარგვა და პერსონალური ფოლი.
მალაგელებს პლეი ოფში თამაში განაღდებული აქვთ, ბოლო მატჩს კი ასევე 24 მაისს, ბადალონაში, “ხუვენტუტთან” გამართავენ.