შენგელიას 17-მა ქულამ ბოლონიელებს სუპერთასის ფინალში ვერ უშველა | მარცხი ოვერტაიმში

შენგელიას 17-მა ქულამ ბოლონიელებს სუპერთასის ფინალში ვერ უშველა | მარცხი ოვერტაიმში

დასანანი მარცხი იტალიის სუპერთასის ფინალში. თორნიკე შენგელიას “ვირტუს ბოლონიამ” სატიტულო მატჩი მთავარ კონკურენტთან, მილანის ოლიმპიასთან დაძაბულ ბრძოლაში წააგო. მატჩის ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, დამატებით დროში კი მილანელებმა 98:96 იმარჯვეს. 

აღსანიშნავია, რომ თამაშის მიმდინარეობისას ვირტუსი 16 ქულის სხვაობითაც კი იგებდა, ხოლო ოვერტაიმის მიწურულს 93:88 დაწინაურდა, თუმცა, უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.

შენგელია, რომელმაც ნაპოლისთან მოგებულ ნახევარფინალში 21 ქულა ჩააგდო, ამჯერადაც საუკეთესოთა შორის იყო. მან მოედანზე 34 წუთი გაატარა და 17 ქულა, 8 მოხსნა (2 შეტევაში) და 3 პასი მიითვალა.

ქართველმა კალათბურთელმა 13-დან 6 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბოლონიელთა მხრიდან აკილე პოლონარა (18), ვილ კლაიბერნი (14), მეტ მორგანი (11) და რეიჯონ ტაკერიც (11) გამოირჩნენ, მილანელთა რიგებში კი საუკეთესონი ჯოშ ნებო (20), ლეანდრო ბოლმარო (18), ნიკოლა მიროტიჩი (18), ნენად დმიტრიევიჩი (16), ზაკ ლედაი (11) და შევონ შილდსი (10) იყვნენ.

ახლა, ბოლონია იტალიის სერია A-სთვის მზადებას გადაერთვება, რომელიც სტარტს 28 სექტემბერს აიღებს, ვირტუსის პირველი მეტოქე კი ტრაპანი იქნება. უკვე ტრადიციულად, შენგელიას გუნდი ევროლიგაშიც იასპარეზებს, რომელშიც 4 ოქტომბერს ანადოლუ ეფესთან მატჩით ჩაებმება.