შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება ესპანეთის ჩემპიონატში

შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება ესპანეთის ჩემპიონატში

ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ”. ვიტორიელებმა “ობრადორიოს” უმასპინძლეს და ქართველი კაპიტნის ლიდერობით 85:78 იმარჯვეს.

შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო. ქართველმა ფორვარდმა 31:24 წუთში 18 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა და ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა.
თორნიკემ 10-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
ბასკური კლუბის რიგებში ბრაზილიელი მარსელინიო უერტასი (16 ქულა, 9 პასი), ამერიკელი მეტ ჯენინგი (15 ქულა) და ფრანგი ვინსენ პუარეც (10 ქულა, 6 მოხსნა) გამოირჩნენ, სტუმართაგან კი უკრაინელი ცენტრი არტიომ პუსტოვოი (16 ქულა, 5 მოხსნა) აქტიურობდა, რომელმაც გასულ ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებსაც ბევრი პრობლემა შეუქმნა.
“ბასკონიამ” 6 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე აინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 9 დეკემბერს, ისევ შინ, “ბილბაო ბასკეტთან” გამართავს.