მოსკოვის ცსკა-ს სენსაციური მარცხი პოლონეთში. VTB ლიგის მორიგ მატჩში არმიელები სტუმრად “ზელენა გორას” შეხვდნენ და ყველასთვის მოულოდნელად – 90:93 დამარცხდნენ.
რუსული გრანდი პოლონურ ზიელონა გორას სტუმრობდა და თამაშის დასაწყისში 17:2 დაწინაურდა, თუმცა, იმდენი “მოახერხა”, რომ საბოლოოდ, 90:93 წააგო. მატჩის ბოლო წამებზე მასპინძელთა ამერიკელმა ლეგიონერმა კრის რიჩარდმა ბურთი დენიელ ჰეკეტს მოჰპარა და სამქულიანი ჩააგდო, შენგელიას მიერ თავისი ნახევრიდან ნასროლი ბურთი კი კალათში არ ჩაეშვა.
რიჩარდმა 25 ქულა მოაგროვა, დანიის მოქალაქეობის მქონე გაბრიელ ლუნდბერგმა ზიელონა გორას 26 ქულა შესძინა, ცსკა-ს რიგებში ყველაზე შედეგიანი კი შენგელია იყო 19 ქულით.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 22:20 წუთი გაატარა და აქტივში 4 მოხსნა და 3 პასიც ჰქონდა. თოკომ 12-დან 7 ორქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
მოსკოვის ცსკა-მ 13 ტურში მე-3 მარცხი განიცადა, თუმცა, სანკტ-პეტერბურგის ზენიტის შემდეგ, სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს ინარჩუნებს. შენგელიას კლუბი VTB ლიგაში მომდევნო მატჩს 7 თებერვალს, შინ, ერთ-ერთ აუტსაიდერ ესტონურ კალევ-კრამოსთან ჩაატარებს.