შენგელიას 18 ქულამ სტამბოლში ფენერბაჰჩეს დასმარცხებლად არ იკმარა

შენგელიას 18 ქულამ სტამბოლში ფენერბაჰჩეს დასმარცხებლად არ იკმარა

ევროლიგის მე-3 ტურში თორნიკე შენგელიასა ბასკონია სტამბოლში ფენერბაჰჩეს ესტუმრა და ფავორიტად შერაცხულ გუნდს საკმაო წინააღმდეგობა გაუწია. ქართველი ლეგიონერის წინამძღოლობით ვიტორიელებმა “ფენერს” ბოლო წუთებამდე მისდიეს, თუმცა საბოლოოდ 80:87 წააგეს. თურქული კლუბის წარმატების მთავარი ფაქტორი ნანდო დე კოლო იყო, რომელმაც ბასკებს 39 ქულა ჩაუგდო!

თორნიკე შენგელიას 24 წუთში 18 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა. შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი 23 იყო, რაც ბასკონიელთაგან საუკეთესო შედეგი გახლდათ. ამ მხრივ მატჩის საუკეთესო სტამბოლელთა ფრანგი მსროლელი, ნანდო დე კოლო იყო (44). 

ბასკონიას 1 მოგება და 2 მარცხი აქვს, რაც 18-გუნდია ევროლიგაში მე-13 ადგილის ტოლფასია. მომდევნო ტურში, 25 ოქტომბერს, ბასკონია ბერძნულ ოლიმპიაკოსს უმასპინძლებს.