შენგელიას 19 ქულა და წინსვლა დრაფტისკენ

შენგელიას 19 ქულა და წინსვლა დრაფტისკენ

თორნიკე შენგელიამ ჩვენს ვებ-გვერდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დარჩენილ მატჩებში მაქსიმალურად კარგად უნდა ითამაშოს, ნბა-ს მომავალ დრაფტზე წარმატებას რომ მიაღწიოს. შენგელიამ წუხელ გამართულ ბელგიის ჩემპიონატის მორიგ ტურში დიდებულად ითამაშა. ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, მისმა „შარლერუამ“ კი მეტოქე „ოკაპი ალსტარი“ 68:64 დაამარცხა.
მატჩის გმირი ქართველი კალათბურთელი გახდა, რომელსაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ეფექტურობის კოეფიციენტი (19) ჰქონდა.
 შენგელია შარლერუელთა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 23 წუთში 19 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ 6-დან 3 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ოთხჯერ დაჯარიმდნენ. ერთი საინტერესო დეტალიც. მასპინძელთა მხრიდან ბოლო 5 ქულა (2-ქულიანი და 3-ქულიანი) სწორედ ქართველმა ფორვარდმა მიითვალა. ეს კი ასეთ დაძაბულ მატჩში ძალიან ბევრს ნიშნავს. შეიძლება ითქვას, რომ შენგელიამ თავის გუნდს პირადად მოაგებინა.
“ბელგაკომ სპირუ ბასკეტი” მომდევნო მატჩს 2 მაისს შენგელიას ყოფილ კლუბ “პეპინსტერთან” სტუმრად ჩაატარებს.