შენგელიას 22 ქულა 22 წუთში და ტურის MVP-ის ტიტულის მოლოდინი

შენგელიას 22 ქულა 22 წუთში და ტურის MVP-ის ტიტულის მოლოდინი

თორნიკე შენგელიას ზეშედეგიანი მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში, რაც დიდი შანსია, მისი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელების მიზეზი გახდეს. “ბასკონიამ” ლიგა ენდესას მე-17 ტურში “რეალ ბეტისს” უმასპინძლა და ქართველი ფორვარდის წინამძღოლობით საკმაოდ იოლად – 94:70 დაამარცხა.

შენგელიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 22 წუთში 22 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ 10-დან 7 ორქულიანი, სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთბაშად 6-ჯერ დაირღვა.

შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 34-ს გაუტოლდა და ცხადია, ის შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ბასკონიელთაგან ქართველ ფორვარდს ხელი მეტ ჯენინგმა და იანის ტიმამ მიაშველეს, რომლებმაც 15-15 ქულა მიითვალეს.

“ბასკონიამ” 10 მოგება და 7 მარცხი მოაგროვა და მე-6 ადგილზე დამკვიდრდა, მომდევნო მატჩს კი 28 იანვარს სტუმრად “ესტუდიანტესთან” ჩაატარებს.