შენგელიას 22 ქულა და ბარსელონამ საფრანგეთში ვილერბანს მოუგო

შენგელიას 22 ქულა და ბარსელონამ საფრანგეთში ვილერბანს მოუგო

თორნიკე შენგელიას კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მატჩი ევროლიგაში. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ბარსელონას საფრანგეთში მოგებული მატჩის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი ფიგურა გახლდათ. ბარსელონამ ვილერბანი 98:91 დაამარცხა, ქართველი ფორვარდი კი 22 ქულით გამოირჩა.

შენგელია კატალონიელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 22:47 წუთში 22 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. თორნიკემ მაღალი სიზუსტით ისროდა – 8-იდან 6 ორქულიანი ჩააგდო, რასაც ერთი ზუსტი სამქულიანი და 7-იდან 7 საჯარიმო დაუმატა. შენგელიაზე მეტი ქულა ბარსაში მხოლოდ კევინ პანტერს ჰქონდა – 31. ამერიკელ-სერბი ასევე ერთადერთი იყო, ვისაც ქართველი PIR-ით (სარგებლიანობის კოეფიციენტით) ჩამორჩა. პანტერს ეს მაჩვენებელი 34 ჰქონდა, შენგელიას – 28.

ბარსელონამ ევროლიგაში ზედიზედ მეორე თამაში მოიგო. ხავი პასკუალის გუნდს 16 მოგების წილ 8 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. ლიგაში მომდევნო შეხვედრას კატალონიელები 29 იანვარს, სტუმრად პირეოსის ოლიმპიაკოსთან ჩაატარებენ.