შენგელიას 27 ქულა სპრინგფილდს გამარჯვებისთვის არ ეყო

შენგელიას 27 ქულა სპრინგფილდს გამარჯვებისთვის არ ეყო

თორნიკე შენგელიას 27 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა საიმისოდ, რომ „სპრინგფილდ არმორს“ ნბა-ს განვითარების ლიგაში მორიგი გამარჯვება მოეპოვებინა. ქართველი ფორვარდის გუნდმა ცენტრალური დივიზიონის ერთ-ერთ ლიდერ „ოსტინ ტოროსს“ უმასპინძლა და დამატებით დროში 123:129 დამარცხდა.
 
სპრინგფილდელები მეოთხე პერიოდში 17 ქულით (99:82) იგებდნენ, თუმცა ოსტინელებმა მოახერხეს გათანაბრება. ძირითადი დროის ბოლო წუთები სტუმრებმა 7:0 მოიგეს და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიზარდა. ძირითადი დროის ბოლო შეტევა თორნიკემ ითავა, მაგრამ არაზუსტად. შენგელიამ აცილებული მოხსნა და განმეორებით სროლა მოასწრო, მაგრამ კალათში არც ის ჩაეშვა.
 

 
დამატებით 5-წუთეული სტუმრებმა 8:2 მოიგეს და გამარჯვებას დაეპატრონნენ. შენგელიამ სპრინგფილდელთაგან ყველაზე მეტი – 41,37 წუთი ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა 21-დან 11 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 27 ქულა შეადგინა. ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრაც იყო, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.
 
28 ქულითა და 9 პასით არმორელთაგან საუკეთესო ნბა-ში თამაშის სოლიდური გამოცდილების მქონე დომინიკ ჯონსი გახდა, ხოლო „ბრუკლინ ნეთსში“ შენგელიას თანაგუნდელმა ტაიშონ ტეილორმა 25 ქულა და 7 პასი მიითვალა, თუმცა ბურთიც 7-ჯერ დაკარგა.
 
17 მოგებითა და აწ უკვე 26 წაგებით „სპრინგფილდი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზე რჩება. 23 მარტს „არმორი“ თანადივიზიონელ „მეინს“ უმასპინძლებს.