თორნიკე შენგელიას ცსკა-მ VTB-ლიგაშ უმასპინძლა და საკმაოდ იოლი გამარჯვება მიითვალა – 92:73. საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა, თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, დიდი დრო არ მისცემია და ძალიან აქტიურიც არ ყოფილა. თორნიკემ მოედანზე 14:56 წუთი გაატარა და 4 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი და 2 საჯარიმო ააცილა, 2-ჯერ დაუფარეს, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
ცსკა-ს რიგებში საუკეთესო გერმანელი ლეგიონერი იოჰანეს ვოიგტმანი იყო, რომელმაც 22 ქულა მიითვალა, მაიკ ჯეიმსმა და დანიელ ჰეკეტმა კი 13-13 ქულა ჩააგდეს. ალექსეი შვედის არყოფნაში, ხიმხკის მხრიდან ჯორდან მიკიმ გაილაღა – 20 ქულა, 8 მოხსნა.
შენგელიას გუნდმა VTB-ლიგაში 13 მოგება და 5 მარცხი მოაგროვა და სანკტ-პეტერბურგის ზენიტისა და ყაზანის უნიკსის შემდეგ, მე-3 ადგილზე რჩება. ცსკა აღნიშნულ ტურნირზე მომდევნო მატჩს 22 მარტს ესტონეთში ტალინის კალევთან ჩაატარებს, მანამდე კი, 18 მარტს, ევროლიგის ეგიდით მადრიდში რეალთან შეხვედრა ელის.