დასრულდა იტალიის სერია A-ს რეგულარული ჩემპიონატი, რომელშიც თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიამ მეორე ადგილი დაიკავა და პლეი ოფში მე-7 ადგილზე გასულ ბრინდისის დაუპირისპირდება. ვირტუსს პირველ ადგილზე გასვლაც შეეძლო, მაგრამ მისმა კონკურენტმა ოლიმპია მილანომ სახლში სასარი დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა.
შენგელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 19 წუთი ითამაშა. ამ დროში მან 7 ქულა, 13 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. თოკომ 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, პერიმეტრიდან კი საერთოდ არ უსვრია. მას ასევე 2 დაფარება ჰქონდა.
პირველი მეოთხედი თანაბრად მიმდინარეობდა და ვარეზემ 1 ქულით მოიგო, მაგრამ სკარიოლოს გუნდმა შემდეგი სამ პერიოდში უპირატესობის მოპოვება შეძლო და საბოლოო ჯამში, მარტივად გაიმარჯვა. ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო 16 ქულით მარკო ბელინელი იყო.
ვირტუს ბოლონიამ რეგულარული სეზონი 23 მოგებითა და 7 მარცხით დაასრულა.