შენგელიას 7 ქულა და 5 მოხსნა იუტასთან

თორნიკე შენგელიამ მორიგი მატჩი გამართა ორლანდოს საზაფხულო ლიგაზე და მიმდინარე ტურნირზე ჯერჯერობით საუკეთესო შედეგი აჩვენა. შენგელიას „ბრუკლინი“ „იუტას“ შეხვდა და 29 ქულის სხვაობით – 69:98 წააგო.
 
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 17,47 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 2 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო და 1-დან 1 სამიანი ჩააგდო, რამაც ჯამში 7 ქულა შეადგინა. ამასთან ერთად შენგელიამ 5 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი 4-ჯერ დაკარგა.
 
უხეიროდ ითამაშა ბრუკლინელთა ახალწვეულმა მეისონ პლუმლიმ, რომელმაც საზაფხულო ლიგის საწყისი 2 მატჩი გამორჩეული შედეგიანობით ითამაშა, „იუტასთან“ კი ვერაფერს გახდა და შეხვედრა 4 ქულითა და 2 მოხსნით დაასრულა. ტაისონ ტეილორმა 10 ქულა დააგროვა, ხოლო საუკეთესო კრის რაიტი გახდა 20 ქულით.
 
მორიგ შეხვედრას „ბრუკლინი“ 11 ივლისს, „ჰიუსტონის“ წინააღმდეგ გამართავს.