შენგელიას ბასკონია ევროლიგას ფენერბაჰჩესთან მარცხით გამოეთიშა

შენგელიას ბასკონია ევროლიგას ფენერბაჰჩესთან მარცხით გამოეთიშა

თორნიკე შენგელიას “ბასკონია” ევროლიგას გამოეთიშა. ვიტორიელებმა მეოთხედფინალური სერიის მე-4 მატჩი შინ თურქულ “ფენერბაჰჩესთან” 83:92 წააგეს და სერია საერთო ანგარიშით – 1:3 დათმეს.

ევროლიგის მოქმედმა ჩემპიონმა “ფენერბაჰჩემ” დამაჯერებლად ჩაატარა მთელი შეხვედრა და მასპინძლებისთვის წარმატების შანსი არ მიუცია. გამოსარჩევია მარკო გუდურიჩის, ნიკოლო მელისა და ნიკოლა კალინიჩის შედეგიანი თამაში. ამ 3 ფენერელის ანგარიშზე ჯამში 56 ქულა დაგროვდა, რამაც განსაზღვრა სტამბოლური გრანდის გამარჯვება.

თორნიკე შენგელია სათადარიგო იყო და მოედანზე მთლიანობაში 25:41 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 3 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 11 ქულა მოაგროვა და ამას 2 მოხსნა და 1 დაფარება მოაყოლა. ბასკონიელთაგან ყველაზე შედეგიანები ვინსენტ პუარე (14 ქულა, 5 მოხსნა) და იოჰან ვოიგტმანი (12 ქულა, 7 მოხსნა) გახლდათ.

“ბასკონია” ახლა მთლიანად შიდაჩემპიონატზე გადაერთვება. ესპანეთის პირველობაზე ვიტორიული გუნდი ერთ-ერთი ფავორიტია.