თორნიკე შენგელიამ, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ისლანდიაში ელოდებ, ევროლიგაზე მძლავრი მატჩი ჩაატარა და რეიკიავიკში ჩინებულ ხასიათზე მიემგზავრება. ქართველი კალათბურთელის კლუბმა ვირტუს ბოლონიამ ევროპის ტოპ-საკლუბო ტურნირში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ბოლონიელები მილანში არმანის შეხვდნენ და 64:59 დაამარცხეს.
თორნიკე შენგელიამ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და ბოლონიელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 21:30 წუთი ითამაშა, რა დროშიც 8-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. შენგელიამ 2-დან ვერცერთი საჯარიმო ვერ გამოიყენა და მატჩი 12 ქულით, 2 მოხსნითა და 2 პასით დაასრულა.
შეხვედრის MVP სერბი მილოშ ტეოდოსიჩი გახდა. თორნიკეს თანაგუნდელმა 17 წუთში 6-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და საოცარი შეხვედრა ჩაატარა. ვირტუსისთვის ეს სეზონში მესამე მოგება იყო, შენგელიას გუნდი 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა და ევროლიგის მომდევნო ტურში ვალენსიას უმასპინძლებს.
თორნიკე ისლანდიაში გამთენიისას გაემგზავრება, რეიკიავიკში ნაკრებს აქდგილობრივი დროით 14:00 საათზე შეუერთდება და საღამოს ილიას ზუროსის გენერალურ ვარჯიშში მიიღებს მონაწილეობას.