შენგელიას და ჯენინგის კომბინირებული 36 ქულა და ბასკონიას გამარჯვება თელ ავივში

შენგელიას და ჯენინგის კომბინირებული 36 ქულა და ბასკონიას გამარჯვება თელ ავივში

ესპანურმა “ბასკონიამ” ევროლიგაში საქართველოს ნაკრების კალათურთელებს ხარჯზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. თელ ავივში, “მაკაბისთან” გამართულ დაძაბულ მატჩში თორნიკე შენგელიამ და საქართველოს ნატურალიზებულმა მოალაქე მეტ ჯენინგსმა ჯამში 36 ქულა მიითვალეს და ვიტორიულ კლუბს ძალიან საჭირო გამარჯვება მოაპოვებინეს.

თელავიველები მატჩის უდიდესი ნაწილი წინ იყვნენ, თუმცა “ბასკონიამ” დასკვნით მეოთხედში 27:18 იმარჯვა და თამაში სათავისოდ დაასრულა – 81:79. შენგელია სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე გატარებულ 31:13 წუთში შეუჩერებელი იყო. თორნიკემ 11-დან 6 ორქულიანი და 15-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი ააცილა და 20 ქულას, 1 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა.
ქართველა მძიმე ფორვარდმა ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთბაშად 10-ჯერ დაირღვა. შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ეს, სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. ამ მხრივ მე-2 შედეგი (17) ჯენინგს ჰქონდა, რომელიც ასევე სასტარტო ხუთეულში იყო და 31:28 წუთში 16 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა 2-ვე ორქულიანი და 8-დან 4 სამქულიანი გამოიყენა, ერთხელ შეცდა, 4-ჯერ დაჯარიმდა, მეტოქეებს კი წესების დარღვევა 3-ჯერ აიძულა.

“ბასკონიას” 5 მოგება და 7 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 18 დეკემბერს, ისევ სტუმრად, ოღონდ, უკვე ესპანეთში, “გრან კანარიასთან” ჩაატარებს.