შენგელიას ეფექტური და შედეგიანი თამაში ორლანდოში

შენგელიას ეფექტური და შედეგიანი თამაში ორლანდოში

მოედანზე სულ წამების შესული იყო, როცა საკუთარ საჯარიმოსთან ბურთი მოიხელთა, მთელი მოედანი სწრაფი დრიბლინგით გადასრა და „ორლანდოს“ კალათში ისე ჩატენა, მეტოქეს დაჯარიმება აიძულა. ეს ყველაფერი 21 წლის თორნიკე შენგელიამ, თავისი ნბა-ს კარიერის მეორე მატჩში გააკეთა. ამ მოხდენილი ეპიზოდის გარდა ქართველმა ფორვარდმა მაყურებელს თავი ზუსტი სამქულიანით დაამახსოვრა.
 

ეპიზოდი, როცა შენგელიამ “ორლანდოს” კალათში მოხდენილად ჩატენა
 
ბრუკლინელებმა „ორლანდო“ მისსავე მოედანზე ძალიან იოლად – 107:68 დაამარცხეს. მატჩის დასრულებამდე 6,33 წუთით ადრე მოედანზე თორნიკე შენგელია და ბრუკლინელთა მეორე ახალწვეული მირზა ტელეტოვიჩი გამოჩდნენ, რომლებმაც შეხვედრა შეუცვლელად ჩაამთავრეს. ბოსნიელმა ფორვარდმა საბოლოოდ 5 ქულა მითვალა, შენგელიას ანგარიშზე კი 6 ქულა იყო. ქართველმა ფორვარდმა თამაშიდან ორივე ტყორცნა (1 ორიანი და 1 სამიანი) ჩააგდო, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 3-დან 1 მიითვალა. სხვა სტატისტიკური მაჩვენებლები შენგელიას არ ჰქონია.
 
აღსანიშნავია, რომ შენგელიამ თამაშში მონაწილე 12 ბრუკლინელიდან ქულებით 4 სათადარიგოსა და ერთ სასტარტოს აჯობა. საუკეთესო ბრუკ ლოპესი გახდა, რომელმაც 14 ქულა, 10 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა, დერონ უილიამსმა კი 13 ქულა და 4 პასი დააგროვა.
 
ბრუკლინელებს 2 მოგება და ამდენივე წაგება აქვთ. შენგელიას გუნდის მომავალი მეტოქე კვლავ „ორლანდო“ იქნება. ამჯერად მატჩი ბრუკლინში, 11 ნოემბერს გაიმართება.
 
VIDEOრგოლი: შენგელიას ჩატენვა და მატჩის სხვა მომენტები 
 

შენგელია მოხსნისთვის იბრძვის