შენგელიას გუნდმა ევროლიგაში ბოლო წუთებზე წააგო

შენგელიას გუნდმა ევროლიგაში ბოლო წუთებზე წააგო

ცოტა დააკლდა თორნიკე შენგელიას „შარლერუას“, რომ ევროლიგაში მეორე გამარჯვება მოეპოვებინა. ბელგიურმა კლუბმა შინ იტალიურ „არმანი ჯინსს“ უიმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 76:81 წააგო.
 
ბოლო მეოთხედში შარლერუელები 61:53 იგებდნენ, თუმცა შემდეგ იტალიურმა კლუბმა პრესინგს მიმართა, შორიდან სროლებიც წაუვიდა და ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი გასამარჯვებლად საკმარისი ლიდერობაც მოიპოვა.
 

 
შენგელიამ  მოედანზე 17:01 წუთი გაატარა და ბელგიურ კლუბს 7 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი შესძინა.  მასპინძელთა თავკაცმა მანამდე კარგად მოთამაშე ქართველი ფორვარდი  დასკვნით მეოთხედში მოედანზე მხოლოდ ბოლო ოც წამს გაიყვანა.შენგელიამ 6-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ოთხჯერ დაჯარიმდნენ. “შარლერუას” რიგებში საუკეთესო ამერიკელი დემონდ მალე გახლდათ, რომელმაც 33 წუთში 21 ქულა მიითვალა.
 
„შარლერუას“ 1 მოგების წილ 3 მარცხი აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება. მორიგ მატჩს შენგელიას გუნდი თელ ავივში „მაკაბის“ წინააღმდეგ გამართავს.