იტალიაში სეზონი სუპერთასის გათამაშებით დაიწყო,, რომელშიც 4 გუნდი მონაწილეობს. მათ შორისაა თორნიკე შენგელიას “ვირტუს ბოლონია”, რომელმაც გასულ სეზონში სერია A-ს ფინალი არმანი მილანოსთან დათმო. ნახევარფინალში ბოლონიელთა მეტოქე ნაპოლი გახლდათ, რომელსაც ქართველი ფორვარდის ლიდერობით ვირტუსმა 96:87 მოუგო.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 29 წუთში 21 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა. თორნიკემ 7-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლელემა ზაკ კოპელანდმა 30 ქულა მიითვალა, ქართველ ფორვარდს ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი ჰქონდა.
ბოლონიელთა შემადგენლობაში 13-13 ქულა მიითვალეს ვილ კლაიბერნმა და დანიელ ჰაკეტიმ.
მეორე ნახევარფინალში არმანი მილანომ 72:63 დაამარცხა ვენეცია და ფინალში გავიდა. სუპერთასისთვის კვირას ერთმანეთს სერია A-ს გასული სეზონის ფინალისტები – მილანო და ბოლონია შეხვდებიან.