შენგელიას მარცხი მილანში და მარკოიშვილის წარმატებული დებიუტი მონაკოში

შენგელიას მარცხი მილანში და მარკოიშვილის წარმატებული დებიუტი მონაკოში

ევროლიგა დაიწყო. ევროპის ყველაზე პრესტიჟული და წარმომადგენლობითი საკლუბო ტურნირში 2 ქართველი იასპარეზებს. თორნიკე შენგელია, რომელიც მოსკოვის ცსკა-ს ერთ-ერთი ლიდერია და მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც 2 დღის წინ დაინიშნა “მონაკოს” მთავარი მწვრთნელის, ზვეზდან მიტროვიჩის ასისტენტად.

მწვრთნელის ამპლუაში მანუჩარ მარკოიშვილის დებიუტი “მონაკოსა” და ევროლიგაში წარმატებული აღმოჩნდა. მონაკოელებმა დამაჯერებლად – 75:63 სძლიეს ბერძნულ “პანათინაიკოსს”. რაც შეეხება შენგელიას, მისი ცსკა მილანში “არმანი იქსჩეინჯს” შეხვდა და 74:84 წააგო. 

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 23:06 წუთში 7 ქულა, 6 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ 7-დან 1 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. მის პასივში 3 დაკარგვაა. შენგელიას სარგებლიანობის ინდექსმა 7 ერთეული შეადგინა, ამ მხრივ ცსკა-ში საუკეთესო იყო იფე ლუნდბერგი (23), რომელმაც 13 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი დააგროვა.

მეორე ტურის მატჩს ცსკა 8 ოქტომბერს, სტამბოლში, ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ “ეფესთან” გამართავს.