შენგელიას MVP-ის ტიტული ბასკონიელებს გერმანიაში მოსაგებად არ ეყოთ

შენგელიას MVP-ის ტიტული ბასკონიელებს გერმანიაში მოსაგებად არ ეყოთ

თორნიკე შენგელიამ მიუნხენში ჩატარებულ ევროლიგის მატჩში საუკეთესო მოთამაშის პრიზი დაიმსახურა, თუმცა მისმა გუნდმა ისევ წააგო. “ბაიერნმა” “ბასკონიას” უმასპინძლა და ის მოუგო, შეხვედრა რეალურად არ დაძაბულა. გერმანულმა კლუბმა თავიდანვე რომ მოიპოვა ლიდერობა, ესპანურ კლუბს დისტანციაზე ამყოფებდა და ახლოს არ მიუშვია. საბოლოოდ მიუნხენურმა კლუბმა 77:71 გაიმარჯვა და თავად ხომ ლიდერებში გაერია – შენგელიას გუნდი ფსკერისკენ გაუშვა.

ქართველი ფორვარდი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 25:25 წუთში 16 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. თოკომ 5-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 9-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქარველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 29-ს გაუტოლდა და ეს, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

“ბასკონიაში” ქულა-მოხსნებში ყველაზე შედეგიანი ფრანგი ცენტრი ვინსენ პუარე, რომელმაც 24 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა მეტ ჯენინგმა კი 25:37 წუთში 12 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 2 საჯარიმო), 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

“ბასკონიას” 1 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა და 16-გუნდიან ევროლიგაში მე-14 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 1 ნოემბერს, შინ, თურქული “დარუშაფაკას” წინააღმდეგ გამართავს.