შენგელიას ორმაგი დუბლი “ბასკონიას” ცსკა-სთან მოსაგებად არ ეყო

შენგელიას ორმაგი დუბლი “ბასკონიას” ცსკა-სთან მოსაგებად არ ეყო

თორნიკე შენგელიას შეჩერება მოსკოვის ცსკა-მაც ვერ მოახერხა. ევროლიგის წინა ტურის თანა-MVP-იდ დასახელებულმა “ბასკონიას” ქართველმა ფორვარდმა ტურნირის უმთავრეს ფავორიტთან ორმაგი დუბლი შეასრულა, თუმცა თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და ვიტორიაში გამართული შეხვედრა ცსკა-მ მოიგო.

მატჩს, რომელშიც “ბასკონიამ” ცსკა-ს უმასპინძლა, 15 000 მაყურებელი დაესწრო. ქართველი ფორვარდის წინამძღოლობით ვიტორიელები საწყის 3 პერიოდში ღირსეულად ებრძოლნენ მრისხანე მეტოქეს, თუმცა ბოლო პერიოდში შენგელია მოედნიდან დასასვენებლად გავიდა, რა დროშიც მოსკოველებმა 7-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს. ცსკა-მ საბოლოოდ 90:81 გაიმარჯვა. 

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 28:17 წუთში 20 ქულა, 13 მოხსნა (6 შეტევაში) და 2 პასი მიითვალა. თოკომ 9-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 33-ს გაუტოლდა და ის მასპინძელთა რიგებში საუკეთესო იყო, სტუმართაგან კი მხოლოდ ესპანელ სერხიო როდრიგესს (35) ჩამორჩა, რომელმაც 25 ქულა, 6 მოხსნა და 8 პასი მიითვალა.

15 ტურის შემდეგ 7 მოგებით “ბასკონია” 16-გუნდიან ევროლიგაში მე-9 ადგილზეა. შემდეგ მატჩს შენგელიას გუნდი 5 იანვარს, სტამბოლში, “ფენერბაჰჩესთან” გამართავს.