დიდი ამბები მოხდა წუხელ ვიტორიაში, სადაც თორნიკე შენგელიას წინამძღოლობით “ვირტუს ბოლონიამ” ადგილობრივი “ბასკონია” დაამარცხა და ევროლიგაში 6-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა. ბოლონიელებმა ბოლოს ევროლიგაში 8 ნოემბერს, თელ ავივის მაკაბისთან გაიმარჯვეს, რის შემდეგაც მოგების სიხარული აღარ განუცდიათ.
ვიტორიაში გამართული მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და ვირტუსის გამარჯვებით – 82:81 დასრულდა. ამ მატჩში შედგა დუშკო ივანოვიჩის სამწვრთნელო დებიუტი ბოლონიურ გუნდში. შეგახსენებთ, რომ ბასკონიას ყველაზე დიდი წარმატება სწორედ შენგელიასა და მწვრთნელ დუშკო ივანოვიჩის სახელს უკავშირდება – მათ 2020 წელს „ბასკონიას“ ესპანეთის ჩემპიონატი მოაგებინეს. ივანოვიჩი გასულ კვირას დაინიშნა „ვირტუსის“ მთავარ მწვრთნელად. ამ პოსტზე მან ლუკა ბანკი შეცვალა. შენგელიასთან ერთად ივანოვიჩმა ვირტუსში პირველი გამარჯვება ევროლიგაზე სწორედ ბასკონიასთან, ვიტორიაში მოიპოვა.
ერთადერთო მოთამაშე მოედანზე, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა, თორნიკე შენგელია იყო. ქართველმა ფორვარდმა 31:21 წუთი თამაშა და თავი 16 ქულას, 10 მოხსნას, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 13-დან 3 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 23 ქულით ბომბარდირი ვილ კლაიბერნი გახდა. „ბასკონიაში“ 23 წუთი ითამაშა საქართველოს ნაკრების პლეიმეიქერმა კამარ ბოლდუინმა. ამ დროში მან 9 ქულა და 2-2 პასი-ჩაჭრა მოაგროვა.
3 მოგებითა და 12 მარცხით ვირტუსი ევროლიგის ცხრილის ბოლო 2 ადგილს ბერლინის ალბასთან იყოფს. შემდეგ მატჩს ვირტუსი 18 დეკემბერს, სტუმრად, ოლიმპიაკოსთან გამართავს.