შენგელიას პროგრესი: 8 ქულა 14 წუთში

შენგელიას პროგრესი: 8 ქულა 14 წუთში

თორნიკე შენგელიამ ორლანდოს საზაფხულო ლიგის მორიგი მატჩი დამაჯერებლად ითამაშა. „ბრუკლინ ნეთსი“ ამჯერად „ბოსტონს“ დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ თამაშის განმავლობაში 14 ქულით იგებდა, საბოლოოდ მაინც მარცხი განიცადა – 73:82.
 
შენგელიამ ამჯერად 14,20 წუთი ითამაშა და 8 ქულასთან ერთად 4 მოხსნა მოაგროვა. თორნიკემ ბოსტონელთა ფარს ორქულიანი ზონიდან 6–ჯერ შეუტია და 4 ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.
 
შენგელია სათადარიგო იყო და მოედანზე როცა იმყოფებოდა, „ნეთსს“ უპირატესობა ჰქონდა. თორნიკე ამჯერადაც საუკეთსო იყო იმ კომპონენტში, რომლის მიხედვითაც მოთამაშის მოედანზე ყოფნისას ბურთების შეფარდება ითვლება. შენგელიას თამაშის პერიოდში „ნეთსმა“ „ბოსტონი“ 6 ქულით დაამარცხა, რაც ბრუკლინელთაგან საუკეთესო შედეგი გახლდათ სტეფან დენისთან ერთად.
 
„ნეთსის“ რიგებში 16 ქულით საუკეთსო ალ ტორნტონი გახლდათ, რომელსაც ნბა–ში თამაშის ორწლიანი გამოცდილება აქვს და იმდენად კარგი კალათბურთელია, საზაფხულო ლიგაში რატომ გამოდის, ცოტა უცნაურია. შენგელიას თანაგუნდელს, ქართული პასპორტის მქონე ტორინ გრინს კვლავ არ უთამაშია.
 
ხვალ, გამთენიისას, „ნეთსი“ მორიგ მატჩს გამართავს. შენგელიას გუნდი „ოკლაჰომა სიტის“ გაუპირისპირდება.