შენგელიას, შერმადინის და მარკოიშვილის გუნდები ბრძოლაში დამარცხდნენ

შენგელიას, შერმადინის და მარკოიშვილის გუნდები ბრძოლაში დამარცხდნენ

ზედიზედ მეორე საევროლიგო შეხვედრაში დასანანი მარცხი იწვნია იტალიურმა „კანტუმ“, რომლის ღირსებასაც მანუჩარ მარკოიშვილი და გიორგი შერმადინი იცავენ. კანტუელებმა ბოლოსწინა ტურში დამატებით დროში „ფენერბაჰჩესთან“ წააგეს, ახლა კი ფრანგულ „ნანსისთან“ შეხვედრა 1 ქულით – 75:76 დათმეს.
 
კარგად გაისარჯნენ ქართველი ლეგიონერები. მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 23:38 წუთში 10 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მანუჩარმა 7 ცდიდან 5 ორქულიანი ჩააგდო, ორივე სამიანი კი ააცილა. ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მარკოიშვილზე მეტ ხანს ითამაშა გიორგი შერმადინმა. ქართველმა ცენტრმა 26 წუთში 9 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. გიორგიმ 4-დან ოთხივე ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმოდან კი 1 ააცილა.
 
კანტულებს 3 მოგება და ამდენივე მარცხი აქვთ, ისევე როგორც „ნანსის“, “ოლიმპიაკოსს” და „ფენერბაჰჩეს“. მომდევნო შეხვედრას იტალიური გუნდი 1 დეკემბერს შინ ჯგუფის ლიდერ „კახა ლაბორალთან“ გამართავს.
 
კახა ლაბორალი      4          2          490      478      10
ოლიმპიაკოსი          3          3          463      454      9
კანტუ                        3          3          449      443      9
ფენერბაჰჩე              3          3          473      479      9
ნანსი                         3          3          486      494      9
ბილბაო                     2          4          458      471      8
 

 
 
თორნიკე შენგელიას „შარლერუამ“ ღირსეული წინააღმდეგობა მადრიდში „რეალს“ და ბოლო წუთებზე 4 ქულის სხვაობით – 89:93 დამარცხდა. შესანიშნავად ითამაშა შარლერუელთა ქართველმა ფორვარდმა, რომელიც ტრადიციულად ხუთეულში იყო და მოედანზე 20 წუთი გაატარა.
 
შენგელიამ 3–დან 2 ორქულიანი, 4–დან 2 სამიანი და 2–დან 1 საჯარიმო ჩააგდო, შესაბამისად 11 ქულა დააგროვა, რასაც 5 მოხსნა 1 პასი და 1 ჩაჭრაც მოაყოლა. შარლერუელთა შორის ბომბარდირი ამერიკელი კრლის ჰილი გახდა 18 ქულით, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი „რეალის“ შავკანიანი ცენტრი, სერჟ იბაკა გახდა – 12 ქულა, 9 მოხსნა, 5 დაფარება.
 
„შარლერუას“ 6 მატჩიდან მხოლოდ 1 გამარჯვება აქვს და C ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას შენგელიას გუნდი 30 ნოემბერს შინ „ეფესთან“ გამართავს, რომელიც პირველ წრეში თურქეთში დაამარცხა.
 
მაკაბი                       5          1          473      444      11
რეალი                      4          2          543      495      10
ეფესი                        3          3          448      448      9
პარტიზანი              3          3          437      446      9
არმანი                      2          4          443      459      8
შარლერუა               1          5          461      513      7