შენგელიას ტრავმა “რეალთან” მატჩში

შენგელიას ტრავმა “რეალთან” მატჩში

უიღბლო გამოდგა 2018 წლის ბოლო მატჩი თორნიკე შენგელიასთვის. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური “ბასკონიას” კაპიტანმა “რეალის” წინააღმდეგ მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო. ერთ-ერთ ეპიზოდში, შეტევისას, შენგელიამ დრიბლინგში ბურთი უკნიდან მეორე მხარეს გადაიტანა, დამცველს წამოედო და მარჯვენა მუხლი იტკინა. თორნიკემ თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო, მისი ტრავმის სიმძიმე კი ჯერ დადგენილი არაა. 

არადა, თორნიკე კარგ იშტაზე იყო, შედეგიანადაც თამაშობდა და ერთ-ერთ ეპიზოდში ულამაზესადაც ჩატენა (იხილეთ ვიდეო). შენგელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 15:21 წუთში 10 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი და 8-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. 

შედეგად, ჩვენებურის სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ის ბასკური კლუბის რიგებში მხოლოდ ბრაზილიელ უკანახაზელ მარსელინიო უერტასს ჩამორჩა, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო. მატჩი მადრიდელებმა 91:74 მოიგეს, რომელთა რიგებშიც მინიმუმ 12 ქულა სასტარტო ხუთეულის ყველა წევრმა მოაგროვა, არგენტინელი ფაკუნდო კამპაცო (15 ქულა, 10 პასი) და კაბო ვერდელი ვალტერ ტავარეში (14 ქულა, 10 მოხსნა) კი ორმაგ დუბლს გამორჩნენ.

აღსანიშნავია, რომ “ბუესა არენაზე” გამართულ შეხვედრას 15 544 მაყურებელი დაესწრო, რითაც ესპანური ლიგის ყველა დროის რეკორდი იქნა გამეორებული. იდენტური მაჩვენებელი 2015-16 წლების სეზონში დაფიქსირდა და საინტერესოა, რომ მაშინაც “ბასკონია”-”რეალის” ჯახზე.

“ბასკონიას” 10 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა და ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში გიორგი შერმადინის “უნიკახასთან” ერთად, მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს.

შენგელიას გუნდი მომდევნო მატჩს 6 იანვარს, სტუმრად, “მანრესასთან” გამართავს.