შენგელიას ვირტუსი ნაპოლისთან დამარცხდა, თუმცა სერია A-ს ერთპიროვნულად ლიდერობს

შენგელიას ვირტუსი ნაპოლისთან დამარცხდა, თუმცა სერია A-ს ერთპიროვნულად ლიდერობს

ქართველები ფეხბურთში ნაპოლის ვქომაგობთ, კალათბურთში კი – არა, მით უფრო, როცა ამ ქალაქის გუნდი თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიას ხვდება. იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში ბოლონიელებმა ნაპოლის უმასპინძლეს და მიუხედავად იმისა, რომ ცხრილში მთელი 13 პოზიციით უსწრებდნენ, შეხვედრა 81:89 დათმეს. 

საქმე ისაა, რომ ვირტუსი პირველ ადგილზე მყარადაა და ამ წაგების მიუხედავად კონკურენტ მილანოს 4 ქულით უსწრებს. შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 19 წუთი ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგო. ჯამში თორნიკემ 8 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ბომბარდირი მარკო ბელინელი გახდა 23 ქულით.

19 მოგებითა და 6 მარცხით ვირტუსი სერია A-ს ლიდერობს. მეორეზე 17 მოგებითა და 7 მარცხით მილანის ემპორიო არმანია. 26-ე ტურში ბოლონიელები ტრენტინოს უმასპინძლებენ.