გიორგი შერმადინმა ბარსელონას წინააღმდეგ დიდებულად ითამაშა, მის გუნდს კი სულ მცირედი დააკლდა კატალონიური გრანდის დამარცხებამდე. ლენოვო ტენერიფემ ბარსელონას ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე, 80:83 წააგო.
შერმადინი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ქართველმა ფორვარდმა თამაში ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე არასრული 29 წუთი დაყო. გიორგიმ 14 ორქულიანიდან 10 ჩააგდო, ხოლო 4 საჯარიმოდან 2 გამოიყენა. 22 ქულასთან ერთად შერმადინმა 8 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 23-ს უწია, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ.
ტენერიფეში ასევე გამოირჩა ახალწვეული კაილი გაი, რომელმაც 13 ქულა და 5 პასი მიითვალა, ტიმ აბრომაიტისმა – 10, მარსელინიოს ანგარიშზე კი 9 ქულა და 7 პასი დაგროვდა. ბარსელონელებს შერმადინივით გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყოლიათ. 16 ქულა ჩააგდო დარიო ბრიზუელამ, 14 იან ვესელიმ, ხოლო ჯაბარი პარკერის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა.
მატჩის ბედი სწორედ პარკერმა გადაწყვიტა. შეხვედრა ფაქტობრივად ოვერტაიმში იყო გადასული, თუმცა ნბა-ს ვერამობრწყინებულმა ვარსკვლავმა გამარჯვების სამქულიანი დროის ამოწურვამდე 0.3 წამით ადრე ჩააგდო.
9 მოგებითა და 9 მარცხით ტენერიფე ცხრილში მე-8 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 20 იანვარს ტენერიფე სტუმრად მონბუს ობრადორიოს დაუპირისპირდება.
9