შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის  მე-11 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. აღნიშნული ტურის მატჩი “ტენერიფეს” ქართველმა ცენტრმა გასული წლის 20 ნოემბერს ითამაშა და “გრან კანარიას” დამარცხებაში ლომის წილი დაიდო – 20 ქულა, 10 მოხსნა და სარგებლიანობის 41 კოეფიციენტი. იმ ტურში ერთი მატჩი (ბრეგანი-ხუვენტუდი) გადაიდო და ლამის 2-თვიანი დაგვიანებით, 16 იანვარს გაიმართა. ცხადია, შერმადინის შედეგი ვერავინ გადაფარა და ქართველი ცენტრი დამსახურებულად გახდა მე-11 ტურის საუკეთესო მოთამაშე.

ეს შერმადინის პირველი ტურის MVP-ის ტიტულია მიმდინარე სეზონში. ამ მხრივ ლიდერები ჯანან მუსა, მიკოლა მიროტიჩი და კლევინ ჰანა არიან, რომლებსაც 2-2-ჯერ აქვთ MVP-ის ტიტული მოგებული.