შერმადინი ისევ MVP გახდა და ტენერიფე ესპანეთის სამეფო თასის ფინალშია!

შერმადინი ისევ MVP გახდა და ტენერიფე ესპანეთის სამეფო თასის ფინალშია!

ეროვნულ ნაკრებში ჩამოსვლამდე გიორგი შერმადინი და მისი გუნდი საოცრებებს სჩადიან. ქართველ ცენტრს, რომელსაც ესპანეთის ლიგაში უამრავი უმაღლესი პირადი პრიზი აქვს, გუნდური ტიტული – ჩემპიონობა და თასი – არასდროს მოუგია. შერმადინი ამჯერად ძალიან ახლოსაა ესპანეთის სამეფო თასის მოგებასთან. ნახევარფინალურ მატჩში, რომლის MVP ქართველი ცენტრი გახდა, ლენოვო ტენერიფემ დრამატულ ბრძოლაში, 1 ქულის სხვაობით, 73:72 დაამარცხა ტურნირის მასპინძელი ხუვენტუდი და სატიტულო მატჩში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე არც რეალი და არც ბარსელონა არ იქნებიან. ტენერიფეს სამეფო თასის ფინალში შერმადინის ყოფილი გუნდი, მალაგის უნიკახა დაუპირისპირდება, რომელმაც გზად ჯერ ბარსელონა, შემდეგ კი მადრიდის რეალი ჩამოიშორა.

სამეფო თასის გათამაშებას ბადალონა მასპინძლობს და ამ ქალაქის ჯილა ხუვენტუდი, რომელსაც 10 000-ამდე ქომაგი უმაგრებდა ზურგს (სულ დარბაზში 12 000 მაყურებელი იყო),  გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო. შეხვედრის დასრულებამდე 20 წამი ადრე, როცა ანგარიში 71:71 იყო, ტენერიფელმა დორნკამპმა არასპორტული ჯარიმა მიიღო და დომინიკელმა ანდრეს ფელიზმა ორიდან 1 საჯარიმოთი ბადალონელები ქულით დააწინაურა. შეტევა მასპინძლებს დარჩათ, თუმცა საფინალო სირენამდე 10 წამით ადრე იავ ფელიზმა სამქულიანი ააცილა და სწრაფი შეტევა ტენერიფელებმა წარმატებით დააგვირგვინეს. თავისი პირველი ბურთი ამ მატჩში ელჯინ კუკმა ჩააგდო და ტენერიფე 73:72 (სტატისტიკა) დააინაურა. 

მასპინძლებს 3,2 წამი დარჩათ და მთავარი ამბავიც აქ მოხდა. ბადალონელებმა მოახერხეს ბურთის ისე სწრაფად და გამჭოლად თამაშში შემოტანა, რომ ჯოელ პარა ტენერიფელთა ფართან ფაქტობრივად მარტო დარჩა და როცა გამარჯვების ბურთი უნდა ჩაეგდო, მას ტიმ აბრომაიტისმა დააფარა. დრო ამოიწურა და სავსე დარბაზის გულგასახეთქად მოედანზე ტენერიფელთა ზარ-ზეიმმა დაისადგურა.

საინტერესოა, რომ ტენერიფე სამეფო თასის ბოლო 6 გათამაშებაში მეხუთედ გავიდა ნახევარფინალში და პირველად შეძლო მისი მოგება, რაშიც შერმადინის როლი უდიდესია. ქართველი ცენტრი ამ დრამატული მატჩის სტატისტიკური ლიდერი და შესაბამისად, საუკეთესო მოთამაშე – MVP გახდა. გიორგიმ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 33:04 წუთში 12 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა. მან 6-დან 3 ორქულიანი და 9-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. სარგებლიანობის კოეფიციენტით (19) ის გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო. შერმადინთან ერთად ტენერიფეში 15 ქულით მარსელინიო გამოირჩა, საშუ სალინს კი 13 ქულა დაუგროვდა.

სამეფო თასის ფინალი ბადალონაში კვირას, 19 თებერვალს ჩატარდება, რომელიც თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.