შერმადინი მეოთხედფინალშია, პულენი კი თასის გათამაშებას გამოეთიშა

შერმადინი მეოთხედფინალშია, პულენი კი თასის გათამაშებას გამოეთიშა

ისრაელში თასის გათამაშების მერვედფინალები გაიმართა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთი წევრის გუნდმა წარმატებას მიაღწია, მეორესამ კი – ვერა. გიორგი შერმადინის „მაკაბიმ“ იოლი გამარჯვება მოიპოვა, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული წევრის – ჯეიკობ პულენის „ჰაპოელმა“ კი მოსახელესთან უიმედოდ წააგო.
 

 
შერმადინმა ბოლო მატჩები გამოტოვა, თუმცა აშქელონის „ელიზტურთან“ მოედანზე გავიდა და თელავიველებს 5 ქულით შეეწია. „მაკაბის“ გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია. ლიორ ელიაჰუს (17 ქულა, 11 პასი) ლიდერობით მაკაბელებმა 100:64 დაამარცხეს აშქელონელები და თასის გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
 
პულენის გუნდი მოსახელე „ჰაპოელს“ შეხვდა ნაჰარიიდან. მიუხედავად იმისა, რომ პულენი 22 ქულითა და 4 ჩაჭრით იერუსალიმელთაგან საუკეთესო იყო, საქართველოს ნაკრების წევრის გუნდმა მაინც წააგო. ნაჰარიელებმა პულენის გუნდი 101:84 დაამარცხეს და თასის გათამაშებიდან გამოთიშეს.