შერმადინი “ნიმბრუკთან” მატჩის MVP!

შერმადინი “ნიმბრუკთან” მატჩის MVP!

მცირე შესვენების შემდეგ გიორგი შერმადინმა ისევ ისახელა თავი. ადრიატიკის ლიგაზე ლიუბლიანის “ოლიმპიამ” ჩეხურ “ნიმბრუკს” უმაპინძლა და 11 ქულის სხვაობით – 74:63 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების 216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
 
შერმადინმა თამაში ხუთეულში დაიწყო და მოედანზე გატარებულ 24 წუთში 15 ქულა, 8 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. შერმადინმა შეუცდომლად ისროლა ხუთივე ორქულიანი, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 8-დან 5 სროლა გამოიყენა. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიცვიენტმა 24 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ.
მხოლოდ 4 წუთს ითამაშა “ოლიმპიას” ვეტერანმა ფორვარდმა ვლადიმერ ბოისამ. როგორც ჩანს, მას მწვრთნელი უფრო სერიოზული მატჩებისთვის ამზადებს.
 
ადრიატიკის ლიგაზე “ოლიმპიასთვის” ეს მე-16 გამარჯვება (8 წაგების წილ) აღმოჩნდა და ლიუბლიანელები სლოვენიურ “კრკას” შემდეგ მეორე ადგილზე არიან. თუმცა დანარჩენი ფავორიტები დღეს თამაშობენ და ცხრილიც ალბათ შეიცვლება. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტური რჩება, “ოლიმპიას” პლეი ოფში თამაში გარანტირებული აქვს და იმას ცდილობს, რაც შეიძლება, მაღალი ადგილი დაიკავოს, უმეტეს მეტოქეებთან მოედნის უპირატეობა რომ მოიპოვოს.
 
“ოლიმპია” 13 მარტს ბელგრადში “ცრვენა ზვეზდას”, ხოლო 16-ში, შინ სერბულსავე “რადნიჩკის” შეხვდება.