შერმადინი ოლიმპიაკოსს ევროლიგაშიც ვერ დაეხმარა

გიორგი შერმადინმა უკვე მეორე შეხვედრა გამოტოვა. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბერძნული „ოლიმპიაკოსის“ ქართველმა ცენტრმა ევროლიგის მორიგ ტურში ტრავმის გამო არ ითამაშა. პირეოსელებმა ევროლიგის ერთ-ერთ ფავორიტ „ბარსელონას“ უმასპინძლეს და 77:90 წააგეს.
 
მასპინძლები კატალონიელებს 3 მეოთხედის განმავლობაში უძალიანდებოდნენ. გადამწყვეტი მეოთხედის დაწყებამდე „ბარსა“ მხოლოდ 1 ქულით  იგებდა, თუმცა დარჩენილ პერიოდი „ოლიმპიაკოსმა“15:27 წააგო და შეხვედრაც უშანსოდ დათმო.
 
გამარჯვებულებს 21 ქულით სლოვენიელმა ცენტრმა ერაზმ ლორბეკმა ულიდერა, ხოლო ოლიმპიაკოსელთაგან 23 ქულით ვასილის სპანულისი გამოირჩა. 6 მოგებითა და 4 მარცხით შერმადინის გუნდი ჯგუფში მე-3 ადგილზე დარჩა, თუმცა დღეს თამაშობს რუსული „ხიმკი“, რომელიც ვიქტორ სანიკიძის „სიენას“ მასპინძლობს და თუ გაიმარჯვა, პირეოსელებს გაუთანაბრდება.