შერმადინი საბერძნეთის ჩემპიონი სკანდალურ მატჩში გახდა

გიორგი შერმადინი პირველი ქართველი ლეგიონერია, რომელმაც წლეულს ჩემპიონობა იზეიმა. საქართველოს ეროვნული ნაკრების საზღვარგარეთ მოთამაშე წევრთაგან ოქროს მედლებისთვის წლეულს არავის მიუღწევია. გიორგი შერმადინმა კი წუხელ საბერძნეთის ჩემპიონობა იზეიმა, ამ გზაზეა ვლადიმერ ბოისაც, რომლის „ზადარიც“ ხორვატიის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს 2:1 იგებს.
ამ 2 მოთამაშეს შორის განსხვავება ისაა, რომ ბოისა აქტიურ, წამყვან როლს თამაშობს თავისი გუნდის თამაშში, შედარებით ახალგაზრდა და გამოუცდელ შერმადინს კი მოედანზე გასვლა თითქმის არ უწევს. ფინალურ სერიაში, როემლიც მისმა „პანათინაიკოსმა“ 3:1 მოუგო „ოლიმპიაკოსს“, შერმადინმა მთლიანობაში 19 წამი ითამაშა. გიორგიმ სწორედ საჩემპიონო მატჩში ითამაშა 19 წამი და ეს შეხვედრა დიდი ორომტრიალით გამოირჩა.
მატჩი პირეოსში, „ოლიმპიაკოსის“ ქომაგებით გაძეძგილ დარბაზში გაიმართა. მასპინძელი გუნდის ფანებს არ სურდათ წაგებასთან შეგუება და როცა მატჩის დასრულებას 1 წუთი აკლდა, თამაში ჩაშალეს. მათ მოედანზე პიტარდები და სხვადასხვა საგნები ისროლეს, რის გამოც მატჩი შეწყდა და მასპინძელ გუნდს წაგება ჩაეთვალა. ამ მომენტისთვის ანგარიში „პანათინაიკოსის“ სასარგებლოდ იყო – 76:69. მატჩის ორგანიზატორებმა მატჩი შეწყვიტეს, ეს შედეგი კი ძალაში დატოვეს.
 

“ოლიმპიაკოსის” ფანებს პოლიცია აშოშმინებდა