შერმადინი საუკეთესო იყო, თუმცა “ოლიმპიამ” ფინალი წაგებით გახსნა

შერმადინი საუკეთესო იყო, თუმცა “ოლიმპიამ” ფინალი წაგებით გახსნა

უხეიროდ დაიწყო სლოვენიის ჩემპიონატის ფინალური სერია საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი წევრის – გიორგი შერმადინისა და ვლადიმერ ბოისას „ოლიმპიამ“. ლიუბლიანურმა კლუბა რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში სტუმრად კი დაამარცხა „კრკა“, მაგრამ ოლიმპიელებმა საჩემპიონო სერიის პირველი მატჩი ამ გუნდთან უიმედოდ დათმეს. ნოვო მესტოში დღეს გამართული შეხვედრა დედაქალაქელებმა 23 ქულის სხვაობით – 55:78 წააგეს.
 
ქართველ ქომაგებს სანუგეშოდ ის თუ ექნებათ, რომ გიორგი შერმადინი „ოლიმპიას“ შემადგენლობაში ერთ–ერთი საუკეთესო იყო. 216–სანტიმერტი სიმაღლის ქართველმა ცენტრმა ამერიკელ ლეგიონერ კენი გრეგორისთან ერთად ლიუბლიანელთა შორის ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი (12)) დააგროვა. საერთოდ, ამ ბოლო მატჩებში ისე ხდება, რომ თუკი შერმადინი თამაშობს კარგად, ბოისა მოკრძალებულია და პირიქით. შერმადინის ფონზე დღეს ბოისამ ვერ იყოჩაღა და 12 წუთში 2 ქულას და 1 მოხსნას დასჯერდა. მან 2 ოქრულიანი ააცილა, ხოლო 4 საჯარიმოდან 2 მოათავსა ნოვომესტოელთა კალათში.
 
რაც შეეხება შერმადინს, გიორგიმ მოედანზე 15 წუთი დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 10 ქულა და თავისიანთაგან უმეტესი – 6 მოხსნა დააგროვა. შერმადინმა 6–დან 4 ოქრულიანი ჩააგდო, რასაც 3–დან 2 საჯარიმოც მოაყოლა . გიორგიმ 2 პერსონალური მიიღო, ნოვომესტოელებმაც მასზე 2–ჯერ დაარღვიეს წესი.
 
ჩემპიონი გახდება ის გუნდი, რომელიც ფინალურ სერიაში 3 გამარჯვებას მოიპოვებს. მომდევნო მატჩი უკვე „ოლიმპიას“ მოედანზე, ლიუბლიანაში, 4 ივნისს გაიმართება.
 

გიორგი შერმადინი ნოვომესტოელ
დუშან ჟორჟევიჩს(ბურთით) აედევნა