შერმადინი “ვალენსიასთან” ერთ–ერთი საუკეთესო იყო

შერმადინი “ვალენსიასთან” ერთ–ერთი საუკეთესო იყო

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში წარმატებით ასპარეზობს სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანას გუნდი ოლიმპია“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების 2 წევრი ირიცხება. ვლადიმერ ბოისა ჯერჯერობით ტრავმირებულია და მოედანს მალე დაუბრუნდება, ხოლო გიორგი შერმადინი წარმატებით თამაშობს ლიუბლიანურ კლუბში. შერმადინმა წუხელ საკმაოდ კარგად ითამაშა და „ოლიმპიამ“ ესპანური „ვალენსია“ 72:68 რომ დაამარცხა, მისი დამსახურებაცაა.
 

 
ესპანურმა გუნდმა პირველი მეოთხედი 21:13 მოიგო, თუმცა ლიუბლიანელებმა უკვე დიდი შესვენებისთვის დაიბრუნეს ლიდერობა – 35:32. ამის შემდეგ მატჩი თანაბარ ბრძოლაში გაგრძელდა და დაძაბულ ფინალში ლიუბლიანელთა 4–ქულიანი გამარჯვებით დასრულდა.
 
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 12 წუთი ითამაშა, საქართველოს ნაკრების ცენტრი მასპინძელთაგან ერთ–ერთი საუკეთესო იყო. შერმადინმა ამ მცირე დროში 8 ქულის და 4 მოხსნის მოგროვება შესძლო. გიორგიმ 3–დან 2 ორქულიანი და 4–დან ოთხივე საჯარიმო ჩააგდო. საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით შერმადინი თანაგუნდელთაგან მხოლოდ გორან იაგოდნიკს, ისიც სულ მცირედით ჩამორჩა. იაგოდნიკმა 30 წუთი ითამაშა და თავი 12 ქულას, 6 მოხსნას და თითო ჩაჭრა–პასს მოუყარა.
 
ეს გახლდათ ოლიმპიელთა მეოთხე გამარჯვება ევროლიგის D ჯგუფში და ისინი პირველ ადგილზე არიან. დღეს თამაშობს ბერძნული  „პანათინაიკოსი“, რომელმაც იტალიაში „მილანი“ თუ დაამარცხდა, ჯგუფის სათავეში „ოლიმპიას“ შეუამხანაგდება.