გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ ესპანეთის ჩემპიონატში ლიდერობა დაკარგა. ტენერიფელებმა ზედიზედ მოპოვებული 5 გამარჯვების შემდეგ პირველი მარცხი წინა ტურში, ხუვენტუდთან განიცადეს, დღეს კი მადრიდის რეალთანაც წააგე და სამეფო გუნდს ლიდერობა დაუთმეს. მატჩი ტენერიფეში გაიმართა და მადრიდელთა გამარჯვებით – 80:67 დასრულდა.
შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 23:29 წუთში 10 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. გიორგიმ 6-დან 4 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგიანობის მხრივ, შერმადინი თანაგუნდელთაგან მხოლოდ ტიმ აბრომაიტისსა (15) და ბრუნო ფიტიპალდოს (14) ჩამორჩა, რეალის რიგებში კი 10 და მეტი ქულა ხუთმა კალათბურთელმა ჩააგდო. ყველაზე შედეგიანი მარიო ჰეზონია იყო 15 ქულით.
საინტერესოა, რომ ბოლო მეოთხედში მადრიდელებმა ერთბაშად 7 სამქულიანი ჩააგდეს, რაც გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა.
ლენოვო ტენერიფეს 9 მოგების წილ 3 მარცხი მოუგროვდა და როგორც აღვნიშნეთ, ლიგა ენდესაში მე-2 ადგილზე დაქვეითდა, მომდევნო მატჩს კი 29 დეკემბერს, გრანადასთან ჩაატარებს.