შერმადინის 12 და პულენის 14 ქულა “ქართულ” დერბიში

შერმადინის 12 და პულენის 14 ქულა “ქართულ” დერბიში

ქართული დერბი ისრაელში. მართალია, ჯეიკობ პულენი ქართველი არაა, მაგრამ ის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს. ისრაელის ჩემპიონატის პირველ ტურში ერთმანეთს პულენის „ჰაპოელი“ და შერმადინის „მაკაბი“ შეხვდნენ, მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა და შერმადინის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 88:82 დასრულდა.
 
„ჰაპოელის“ კალათბურთელებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ისრაელის ყველა დროის გრანდს. პირველ ტაიმში ჩამორჩენის შემდეგ „ჰაპოელმა“ მესამე ათწუთეული 25:12 მოიგო და გადამწყვეტი პერიოდის წინ ანგარიში გაათანაბრა. ყველაფერი ბოლო წუთებზე, თელავიველების სასარგებლოდ გადაწყდა, რომელთა შორისაც 20 ქულით საუკეთესო დევიდ ლოგანი გახლდათ.
 

 
ქართველმა ცენტრმა ბრწყინვალედ ითამაშა. იგი სათადარიგო იყო და მისთვის გამოყოფილი 15 წუთის კვალობაზე შთამბეჭდავი სტატისტიკა აჩვენა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა 5-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, თავი 12 ქულას მოუყარა და ამას 4 მოხსნაც მოაყოლა. რაც შეეხება ჩვენი ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელს, პულენიც საკმაოდ კარგად გაისარჯა. იგი იერუსალიმელთა ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 35 წუთში 14 ქულა, 4 პასი, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა, თუმცა ისიც არსანიშნავია, რომ ბურთი 6-ჯერ დაკარგა.
 
მორიგ ტურში, 21 ოქტომბერს, „მაკაბი“ სტუმრად „აშქელონს“ ეთამაშება, პულენის „ჰაპოელი“ კი თელავივურ „ჰაპოელს“ უმასპინძლებს.