ვეტერანი წართველი კალათბურთელი, გიორგი შერმადინი შესანიშნავ ფორმაშია. ესპანეთის გასული ტურის 21-ქულიანი პერფორმანსისა და MVP-ის ტიტულის მოპოვების შემდეგ, მან ევროთასის ეგიდით მორიგი შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა და თავის გუნდს ლიეტუვაში გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. „ლაგუნა ტენერიფე“ სტუმრად „შაულიაის“ დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად, 15 ქულის სხვაობით — 86:71 დაამარცხა.
ესპანური კლუბი ამ წყვილში თავიდანვე გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნეოდა. „ტენერიფემ“ პირველივე ტაიმში მოიპოვა 11-ქულიანი უპირატესობა, რის შემდეგაც თამაშის სადავეები ხელიდან აღარ გაუშვია და საქმე ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა.
გიორგი შერმადინი შეხვედრაში სასტარტო ხუთეულიდან ჩაერთო და პარკეტზე 19 წუთი და 42 წამი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა აქტივში 13 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. ვეტერანმა ცენტრმა სროლებში მაღალი სიზუსტე აჩვენა: 7-დან 4 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო გამოიყენა. შერმადინის მსგავსად, გამარჯვებულთა რიგებში 13-13 ქულა ტი ჯეი ბამბამ და ვინს ჰანტერმა დააგროვეს. მასპინძელთა შემადგენლობაში კი 12 ქულით კედრიკ ჰენდერსონი გამოირჩა.
ამ წარმატების წყალობით, „ტენერიფეს“ ევროთასის B ჯგუფში უკვე 6 მოგება დაუგროვდა და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად უდგას სათავეში. გიორგი შერმადინის გუნდი ახლა უკვე ესპანეთის ჩემპიონატზე გადაერთვება, სადაც მომდევნო ტურში სტუმრად რატი ანდრონიკაშვილის „მორაბანკ ანდორას“ შეხვდება.