შერმადინის 14 ქულა და ტენერიფელთა ნაადრევად განაღდებული მეოთხედფინალის საგზური

შერმადინის 14 ქულა და ტენერიფელთა ნაადრევად განაღდებული მეოთხედფინალის საგზური

გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფემ სტუმრად ბილბაო დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. მართალია, მეორე ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე კიდევ 2 ტურია, თუმცა ტენერიფელებმა ოთხივე შეხვედრა მოიგეს და პლეი ოფის საგზური ნაადრევად გაინაღდეს.

მეოთხედფინალის საგზური ტენერიფელებმა დიდ ბრძოლაში მოიპოვეს. ესპანურ დერბიში შერმადინი და კომპანია ბილბაოს ესტუმრა, სადაც მასპინძელ გუნდთან გვარიანად აგებდა. ბოლო პერიოდის წინ ბილბაოელები 11 ქულით იგებდნენ, თუმცა გადამწყვეტ ათწუთეულში ტენერიფელებმა შეუდარებლად ითამაშეს, პერიოდი 22:9 მოიგეს და შეხვედრაც სათავისო ანგარიშით – 74:72 დაასრულეს.

ამ ამბავში ერთ-ერთი წამყვანი ქართველი ცენტრი გახლდათ. შერმადინმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 26:22 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გიორგიმ 5-დან 3 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 15 შეადგინა, რაც ტენერიფელთაგან მეორე შედეგი გახლდათ. საუკეთესო მარსელინიო ჰუერტასი გახდა, რომელმაც 16 ქულა, 7 პასი და 5 მოხსნა მიითვალა.

ჯგუფის დარჩენილ 2 მატჩს ტენერიფე 15 მარტს სტუმრად მურსიასთან და 21 მარტს შინ დარუშაფაკასთან გამართავს.