შერმადინის 15 ქულა “ალბასთან” და მალაგელთა ნახევარფინალში გასვლის განიავებული შანსი

შერმადინის 15 ქულა “ალბასთან” და მალაგელთა ნახევარფინალში გასვლის განიავებული შანსი

გერმანულ “ალბას” წინააღმდეგ ევროსათასო მეოთხედფინალურ მატჩში გიორგი შერმადინმა შედეგიანად ითამაშა, რასაც ვერ ვიტყვით მის გუნდზე. “უნიკახამ” შინაურ კედლებში 81:101 წააგო გერმანულ კლუბთან და ნახევარფინალში გასვლის შანსი ხელიდან გაუშვა. მალაგელებმა 2 დღის წინ ბერლინში 91:90 იმარჯვეს და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მოგება ჰყოფნიდათ, თუმცა საკუთარ მოედანზე უშანსოდ დამარცხდნენ.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მასპინძელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. გიორგიმ მოედანზე 19:10 წუთი გაატარა და 15 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. შერმადინმა 5-დან 4 ორქულიანი და 7-ვე საჯარიმო ჩაგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა და ის მალაგელთა რიგებში მხოლოდ ამერიკელ ბრაიამ რობერტსს (20) ჩამორჩა, რომელმაც 13 ქულა და 9 პასი მიითვალა. “ალბას” ლიტველმა როკას გიედრიატისმა ულიდერა 23 ქულით.

ამგვარად, სერიაში ანგარიში გათანაბრდა და ახლა, ყველაფერი 13 მარტს ბერლინში დაგეგმილ შეხვედრაში გადაწყდება.

ვთქვათ ისიც, რომ აღნიშნულ წყვილში გამარჯვებული ნახევარფინალში ფრანგულ “ვილერბანსა” და შერმადინის ყოფილ კლუბ “მორაბანკ ანდორას” შორის უმჯობესს შეხვდება. ამ სერიაში ანგარიში ასევე საყაიმოა.